კალვინიზმი - ეს არის პროტესტანტობის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც სათავე დაუდო ფრანგმა თეოლოგმა და მქადაგებელმა ჟან კოვენმა (ლათინიზებული ფორმით - კალვინუს) (1509-1564).
აღნიშნული მიმართულება წარმოიშვა 1530-იან წლებში, ქალაქ ჟენევაში. კალვინიზმს აღიარებს შვეიცარიისა და ჰოლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა. იგი საკმაოდ არის გავრცელებული დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში.
კალვინისტთა საერთო რაოდენობა, დღესდღეობით, 35 მილიონია.
თუკი მარტინ ლუთერმა XVI საუკუნეში პროტესტანტული რეფორმაცია დაიწყო პრინციპით, რომლის მიხედვითაც ეკლესიაში უნდა გაუქმებულიყო ყოველივე ის, რაც ეწინააღმდეგებოდა ბიბლიას, ფრანგი იურისტი, ჟან კალვინი უფრო შორს წავიდა - მან ეკლესიაში გააუქმა ყოველივე ის, რასაც არ ითხოვდა ბიბლია. ამიტომ კალვინის საეკლესიო რეფორმას რაციონალიზმისაკენ მიდრეკილება და, ნაწილობრივ, მისტიციზმისადმი უნდობლობა ახასიათებდა. ლუთერთან პოლემიკის ძირითადი საგანი ნათლობისა და ზიარების განსხვავებული აღქმა იყო. კალვინი, ლუთერისგან განსხვავებით, მათში მხოლოდ სიმბოლურ შინაარსს დებდა.ისტორია
კალვინიზმი რეფორმაციის რომანულ ტიპს წარმოადგენს. გამოდიოდა რა ყველაზე მძაფრად კათოლიციზმის წინააღმდეგ, კალვინიზმი თავად იყო განმსჭვალული კათოლიციზმის შუასაუკუნეობრივი პრინციპებით: შეუწყნარებლობით, უსიტყვო მორჩილების მოთხოვნით ეკლესიის ცალკეულ პირთა მხრიდან. შემდგომში კალვინიზმი მჭიდროდ დაუკავშირდა პოლიტიკურ მოძრაობებს, რის შედეგადაც მან პოლიტიკური პრინციპები გამოიმუშავა. ხელისუფლებასთან კონფრონტაციისას კალვინიზმმა სახალხო, ანტიმონარქიულ ხასიათი მიიღო, დაუახლოვდა რესპუბლიკურ და კონსტიტუციურ პარტიებს. „ღმერთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა“ - ამ პრინციპიდან გამომდინარე კალვინისტები ქადაგებდნენ ტირანული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას.
კალვინიზმი რომანული შვეიცარიიდან, სადაც თავის თანამოაზრეებთან ერთად მოღვაწეობდა კალვინი, ვრცელდება გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, შოტლანდიასა და პოლონეთში. მაგრამ ჟენევა დიდხანს იყო კალვინიზმის ცენტრი.
კალვინისტებისა და ლუთერანების დაპირისპირებამ პიკს გერმანიაში მიაღწია. ამ უკანასკნელთა აზრით, „პაპისტები უკეთესები იყვნენ, ვიდრე კალვინისტები“. მაგრამ XIX საუკუნეში, რეფორმაციის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით (1817 წ.), პრუსია შეეცადა კალვინისტთა და ლუთერანთა მორიგებას მათი ურთიერთშერწყმის გზით.
XVI საუკუნის 50-იანი წლებიდან ბელგიასა და ჰოლანდიაში ლუთერანული რეფორმაციის მხრიდან კალვინიზმზე ზეწოლის შემდეგ ეს უკანასკნელი აქ ენერგიულად დამკვიდრდა, ტოტალურად გავრცელდა თავდაპირველად დაბალ ფენებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.
კალვინიზმის რამდენიმე მიმართულება არსებობს, რომელთა შორის ყველაზე მეტი მიმდევარი პრესვიტერიანულ და რეფორმისტულ ეკლესიას ჰყავს.
მოძღვრება
კალვინიზმის ცენტრალური დოქტრინა, რომლიდანაც რაციონალურად გამომდინარეობს მისი ყველა სხვა სწავლება, არის ღმერთის სუვერენიტეტი, ანუ ღმერთის უზენაესი ძალაუფლება ყველაფერში. ეს დოქტრინა წარმოადგენს სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან კალვინიზმის განმასხვავებელ ძირითად ნიშანს.
ლუთერისგან განსხვავებით, კალვინი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ვალდებულია არა მხოლოდ ითანამშრომლოს ეკლესიასთან საზოგადოების მართვის პროცესში, არამედ იგი (სახელმწიფო) უნდა დაემორჩილოს ეკლესიის დადგენილებებს და ამით აღასრულოს ღვთის სამართალი.
კალვინიზმისთვის ნიშანდობლივია, აგრეთვე, სწავლება წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ, რომლის თანახმად, რჩეულობის ნიშანია საერო საქმეებში წარმატებულობა.
კალვინის მიერ წარმოდგენილმა საერო ასკეტიზმის ეთიკურმა იდეალმა, რომელიც გმობდა ფუფუნებისა და პარაზიტიზმის გამოვლინებებს, დიდი როლი შეასრულა კაპიტალიზმის ფორმირების პროცესში. ამასთანავე, განვითარებული ბურჟუაზიული წყობის პრინციპები, ინდივიდუალიზმის იდეალები და სინდისის თავისუფლება სულ უფრო ცხად წინააღმდეგობაში მოდიოდა კალვინის რელიგიურ რიგორიზმთან. ასე მოხდა XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისში, როდესაც კალვინიზმთან ბრძოლაში, რომელმაც აქ პრესვიტერიანობის სახელწოდება მიიღო, წარმოიშვა სხვადასხვა ეკლესია (ბაპტისტები, კვაკერები, მეთოდისტები და სხვ.). ამ გაერთიანებათა მიმდევრები გადაჭრით გამოვიდნენ რჯულშემწყნარებლობის იდეის დასაცავად და სახელმწიფოსგან ეკლესიის სრული გამოყოფა მოითხოვეს. ასე განვითარდა მოვლენები ჩრდილოეთ ამერიკაშიც, სადაც პირველმა პრესვიტერიანელმა კოლონიზატორებმა თეოკრატიული რეჟიმის დამყარება სცადეს, რასაც სხვა პროტესტანტული კონფესიების აქტიური წინააღმდეგობა მოჰყვა. XX საუკუნიდან კალვინიზმის გავლენა პროტესტანტულ თეოლოგიაზე შესამჩნევად იზრდება.
ორგანიზაცია
ისტორიულად, XVI საუკუნიდან ევროპის ქვეყნების ახალი ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც რეფორმაციული მოძრაობის შედეგად წარმოიშვნენ, რეფორმატორულ ან ევანგელისტურ ეკლესიებად იწოდებიან.
რეფორმისტები წარმოადგენენ კონტინენტურ ევროპაში წარმოშობილი კალვინისტური ეკლესიების მემკვიდრეებს, განსხვავებით პრესვიტერიანელებისაგან, რომლებიც შოტლანდიურ-ინგლისური კალვინისტური ეკლესიების მემკვიდრეები არიან.
კალვინისტური ეკლესიის სტრუქტურული მოწყობა გულისხმობს ავტონომიურ კონგრეგაციებს, რომლებიც იმართებიან შესაბამისი საბჭოების მიერ. საბჭოს წევრები არიან მრევლის მიერ არჩეული პასტორი, დიაკონი და ერთი უხუცესი. კონგრეგაცია სრულიად თავისუფალია საეკლესიო საკითხების გადაჭრისას.
კალვინისტური ეკლესია საქართველოში
კალვინისტური ეკლესია საქართველოში წარმოდგენილია „წმინდა სამების“ პროტესტანტული ეკლესიის სახით, რომლის მოძღვრებაც შეესაბამება რეფორმაციის ღვთისმეტყველებას.
კალვინისტური ეკლესია საქართველოში დაარსდა 1995 წლის ოქტომბერში, ქალაქ ბათუმში. მას აქტიური და ახლო საეკლესიო ურთიერთობები აქვს ამერიკისა და გერმანიის რეფორმატორულ ეკლესიებთან. საქართველოში, ბათუმის გარდა, ამ ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი თემები იკრიბებიან ქობულეთში, ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთში.
ეკლესიის უფროსი პასტორია ვარლამ რამიშვილი. 1994 წელს მან საეკლესიო ორდინაცია (ხელდასხმა) მიიღო აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქალაქ პორტლენდში.
„წმინდა სამების“ეკლესია აღიარებს მმართველობის შერეულ ეპისკოპალურ-პრესვიტერიანულ მოდელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებს თეოკრატიას ეკლესიაში. საეკლესიო წოდებებია: პასტორი, პრესვიტერი (უხუცესი) და დიაკონი, მსახურების დღე - „უფლის დღე“, ანუ კვირადღე. ძირითადი საეკლესიო დღესასწაულებია შობა, ვნების პარასკევი, აღდგომა (პასექი), ამაღლება, სულთმოფენობა და რეფორმაციის დღე (31 ოქტომბერი).
ეკლესიის ღვთისმსახურება შედგება საერთო ლოცვის, საღვთო წერილის კითხვის, ღვთის სიტყვის ქადაგების, სამოციქულო მრწამსის საერთო აღსარებისა და საერთო საგალობლებისაგან.
პასტორ ვარლამ რამიშვილის აზრით, სახელმწიფო მოწყობამმართველობის საუკეთესო ფორმა არის დემოკრატია. მისი რწმენით, აუცილებელია საერო ხელისუფლებისაგან ეკლესიის გამიჯვნა და დამოუკიდებლობა. „ეკლესიის ვალია ხელისუფალთა და მთავრობათა (ხელისუფალნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი ჩვენს სასიკეთოდ) მხარდაჭერა ლოცვით, ამასთან, მათდამი მორჩილება სინდისის გამო“, - აცხადებს იგი.
„წმინდა სამების“ ეკლესიის მიერ განხორციელებულია მრავალი ჰუმანიტარული აქცია. წლების განმავლობაში იგი თანამშრომლობს აშშ-ის საერთაშორისო ორგანიზაციასთან „სამარიტელის ქისა“ („Samaritan's Purse“), რომელიც საქველმოქმედო მისიას უძღვება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიასთან, ებრაული თემის წარმომადგენლებთან (ბათუმის ებრაული თემის აწ განსვენებული თავმჯდომარის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონ მიხეილ ბინიაშვილის თანამონაწილეობით განხორციელდა არა ერთი შემეცნებითი და საქველმოქმედო აქცია).
ეკლესია აქტიურად მონაწილეობს ეკუმენურ შეხვედრებში, რომელსაც ბათუმის კათოლიკური ეკლესია მართავს. „წმინდა სამების“ ეკლესიის მღვდელმსახურებს კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად არაერთი საერთო საეკლესიო მსახურება აქვთ ჩატარებული.
No comments:
Post a Comment